Friday, December 19, 2014

ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები – რატომ უნდა ევწიოთ უნგრეთის დედაქალაქს



უნგრეთის დედაქალაქი ერთადერთი ქალაქია, რომელიც მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ბუდაპეშტში ამჟამად დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ქალაქის ღირსშესანიშნაობების უმრავლესობა UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ბუდაპეშტი ტურისტებს განსაკუთრებით რამდენიმე უნიკალური ძეგლით იზიდავს. თუ ბუდაპეშტში მოგზაურობას გადაწყვეტთ აუცილებლად გაისეირნეთ ანდრაშის გამზირზე, რომელზედაც განთავსებულია ნეო-რენესანსული სტილის შენობები. გამზირზე 1884 წელს აშენებული ოპერის თეატრის გარდა ნახავთ ოქტოგონის მოედანს, ტერორის მუზეუმს, ფერენც ლისტის სახლმუზეუმს და ა.შ.



აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბუდას ციხე-ქალაქს, სადაც მდებარეობს სამეფო სასახლე, ეროვნული გალერეა, ეროვნული ბიბლიოთეკა, წმ. მატიაშის ტაძარი, მეთევზეთა ბასტიონი და ფუნიკულიორი. სამეფო სასახლის ფასადი მდინარის ნაპირის პარალელურია და სიგრძეში 300 მეტრს აღწევს. სასახლე ბაროკოს სტილშია აგებული.



უნგრეთის დედაქალაქის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ქვეყნის პარლამენტის შენობაა. ნეო-გოთიკური სტილის შენობის ცენტრალური ნაწილი მისი გუმბათია, რომლის გარშემოც განთავსებულია უნგრეთის 16 მეფის ქანდაკება. უნგრეთის სამეფო ძვირფასეულობა და 1000 წლიანი სამეფო გვირგვინიც ზუსტად ამ დარბაზში ინახება. შენობა სიგრძეში 268 მეტრია, მისი კორიდორები კი ჯამში 20 კილომეტრზეა გადაჭიმული. გუმბათის სიმაღლე 96 მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტი ყველაზე მაღალი შენობაა მთელ ბუდაპეშტში.



ბუდაპეშტიდან არ უნდა წახვიდეთ ისე, თუ მარგრიტის კუნძულს არ ნახავთ. XIII საუკუნეში კუნძულზე დომინიკური მონასტერი არსებობდა, სადაც უნგრეთის მეფის ბელა IV-ის ქალიშვილი მარგარიტა (უნგრულად: მარგიტი) მოღვაწეობდა. სწორედ მის სახელს ატარებს კუნძული დღესდღეობით. კუნძულის სიგრძე 2.5 კმ-ია. ამჟამად კუნძულზე განლაგებულია პარკი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები.



კიდევ ორი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ბუდაპეშტს უნიკალურს ხდის, დიდი სინაგოგა და ჯაჭვის ხიდია. სინაგოგა ევროპაში ყველაზე დიდია, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას ნიუ-იორკის სინაგოგის შემდგომ. იგი აშენდა 1859 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს სინანგოგა ებრაელთა გეტოდ გადაკეთდა და მნიშვნელოვნად დაზიანდა. სინაგოგას კომპლექსში შედის ებრაელების მუზეუმი და ჰოლოკოსტის მონუმენტი. სინაგოგა 3000 ადამიანს იტევს.



რაც შეეხება ჯაჭვის ხიდს, ეს ის ადგილია, საიდანაც შეგიძლიათ დაიწყოთ ბუდაპეშტის დათვალიერება. ლანცჰიდი (ქართულად: ჯაჭვის ხიდი) 1849 წელს აშენდა და პირველი მუდმივი ხიდი გახდა მდინარე დუნაიზე, რითიც დაიწყო მდინარის სხვადასხვა მხარეს მდებარე ორი ქალაქის გაერთიანება. ხიდის მშენებლობის მთავარი ინიციატორი და სპონსორი იშტვან სეჩენი იყო (რომლის სახელსაც ხიდი ოფიციალურად ატარებს, თუმცა ადგილობრივები ხიდს ლანცჰიდს ეძახიან), ხოლო არქიტექტორი – შოტლანდიელი ადამ კლარკი.



ბუდაპეშტის ტურები იხილეთ ბმულზე

No comments:

Post a Comment